BAU იტვირთება…
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცვის გამოწვევები მედიცინაში საქართველოში“, 2026 წლის 26-27 ივნისს.
კონფერენცია გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებს, მკვლევარებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, რომლებიც მოღვაწეობენ სამედიცინო ფიზიკის, რადიაციული უსაფრთხოების, დიაგნოსტიკური რადიოლოგიის, რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის სფეროებში. ღონისძიება იქნება მნიშვნელოვანი პროფესიული და აკადემიური პლატფორმა თანამედროვე მედიცინაში რადიაციულ უსაფრთხოებასთან, სამედიცინო ფიზიკოსების როლთან, ინოვაციურ ტექნოლოგიებთან და დარგში განათლებისა და კვლევის განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად.
კონფერენციის პროგრამა მოიცავს უახლეს მიდგომებსა და საერთაშორისო გამოცდილებას პაციენტთა და ჯანდაცვის პროფესიონალთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურების ოპტიმიზაციისა და მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, სამედიცინო ფიზიკისა და რადიაციული დაცვის ასოციაცია და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება. ჩატარების ადგილი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, III საკონფერენციო დარბაზი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, თბილისი, საქართველო